English / ქართული / русский /
თამარ დოლიძე
ეკონომიკის რეალური სექტორის ძირითადი კრიტერიუმები და განვითარების ეტაპები

ანოტაცია: გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროკავშირის მიერ შემუშავებული რეალური ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის გაანალიზების შედეგად განსაზღვრულია რეალური ეკონომიკის ფუნდამენტური დარგების სტრუქტურა. განვსაზღვრეთ თითოეული დარგის როგორც დარგობრივი, ისე ეკონომიკური ხასიათის კრიტერიუმები. კვლევის შედეგად ასევე განვსაზღვრეთ რეალური ეკონომიკის განვითარების ძირითადი ეტაპები და თავისებურებები, რაც ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რათა ზუსტად მოხდეს რეალური ეკონომიკის დარგებში წარმოქმნილი პრობლემების რაციონალურად და თანმიმდევრულად გადაჭრა.

საკვანძო სიტყვები: რეალური ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა, მწარმოებლურობა,  დამატებული ღირებულება,  ტექნიკურ-ეკონომიკური პარადიგმა. 

შესავალი

რეალური ეკონომიკის ძირითადი დარგობრივი და ეკონომიკური ხასიათის კრიტერიუმების განსაზღვრა არის ბაზისური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი, რადგან მათი განსაზღვრის გარეშე შეუძლებელია ამ თემაზე თუნდაც მარტივი მსჯელობის წარმართვა, რომ არაფერი ვთქვათ ვიწრო დარგობრივ დონეზე.

ჩვენ შევიმუშავეთ რეალური ეკონომიკის შემადგენელი ფუნდამენტური დარგების დარგობრივ-ეკონომიკური კრიტერიუმები; განვსაზღვრეთ რეალური ეკონომიკის განვითარების ძირითადი ეტაპები და განვითარების გამომწვევი ძირითადი ფაქტორები. 

რეალური ეკონომიკის განსაზღვის ძირითადი კრიტერიუმები

გაეროს მიერ შემუშავებული საერთაშორისო დარგობრივი კლასიფიკაციის მიხედვით რეალური ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა შემდეგნაირადაა ფორმულირებული [UN, 2008]:

  1. სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მეთევზეობა;
  2. სამთო მოპოვება და გადამუშავება;
  3. წარმოება;
  4. ელექტროენერგია, გაზი, ორთქლი და კონდიცირების მიწოდება;
  5. წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და სარეაბილიტაციო ღონისძიებები;
  6. მშენებლობა.

აღნიშნული საკითხის სისტემური და კომპლექსური გააზრებისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია განვიხილოთ ევროპის გაერთიანების მიერ შემუშავებული რეალური ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა [EUROSTAT, 2008]:

  1. სოფლის მეურნეობა, ნადირობა, ტყის მეურნეობა;
  2.  მეთევზეობა;
  3. სამთო მრეწველობა და ღია ტიპის სამთო საწარმო;
  4. ნაკადურ-მასობრივი სამრეწველო წარმოება, დამზადება;
  5. ელექტროობა, გაზი, წყალმომარაგება;
  6. მშენებლობა.

ზემოთ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკატორის შედარებითი ანალიზის მეთოდით შესწავლის შედეგად შევიმუშავეთ რეალური ეკონომიკის ფუნდამენტური დარგების შემდეგი სტრუქტურა:

A. სოფლის მეურნეობა;

B. სამთო მოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა;

C. ელექტროენერგია;

D. წყალმომარაგება;

E. მშენებლობა.

რეალური ეკონომიკის ფუნდამენტური დარგების მთავარი მახასიათებლები შეგვიძლია განვიხილოთ დარგობრივი სპეციფიკის მიხედვით.

აგრარული სექტორის დარგობრივი კრიტერიუმებია: სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების წარმოება; ბუნებრივ რესურსებსა და გარემო პირობებზე მაღალი ხარისხით დამოკიდებულება.

აგრარული სექტორის ეკონომიკური ხასიათის კრიტერიუმები არის: აგრო-კორპორაციული წარმოება; მიწის საკუთრება და განკარგვა; კვაზიკორპორაციული ფირმები; სეზონური შრომის დანაწილება; ციკლური ხასიათის წარმოება; ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობა; მეცნიერებატევადი, მაღალტექნოლოგიური წარმოება; კაპიტალტევადი, შრომატევადი წარმოება; მაღალკვალიფიციური ადამიანისეული კაპიტალი; ჭარბი მოსახლეობა; სინერგიულობის სუსტი ხარისხი; სრულყოფილი კონკურენცია; ფასების ძლიერი რყევა; კლებადი უკუგება.

სამთო მოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგობრივი კრიტერიუმები არის: მეცნიერებატევადობა, ცოდნატევადობა, ინოვაციურ-ტექნოლოგიური ხასიათის აქტიურობა; ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხი; ამოწურვადი მიწისქვეშა რესურსები; ეკოსისტემის არამდგრადობა და საფრთხეები.

სამთო მოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის ეკონომიკური ხასიათის კრიტერიუმები გახლავთ: საერთაშორისო სპეციალიზაცია; შრომის დანაწილება რთული სქემების მიხედვით; სტაბილური და დინამიკური ხასიათის წარმოება; სტაბილური ფასები; მზარდი უკუგება; დინამიკური ხასიათის არასრულყოფილი კონკურენცია; სტაბილური და მზარდი საგადამხდელო ბალანსის შექმნა; შედეგზე ორიენტირებული სინერგიული კავშირების შექმნა.

ენერგეტიკის დარგობრივ კრიტერიუმად შეიძლება მივიჩნიოთ: ბუნებრივ რესურსებზე მაღალი დამოკიდებულების ხარისხი; ეკოლოგიურ-კლიმატური საფრთხეები; მეცნიერე­ბატევადი, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური საწარმოო პროცესი; მწვანე ეკოლოგიური ენერგოწყაროების ათვისება და რეალიზაცია.

ენერგეტიკის ეკონომიკური კრიტერიუმები არის: ტექნოლოგიურ-ეკონომიკური მდგრადობა; სინერგიულობის მაღალი ხარისხი; ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობა; დინამიკური არასრულყოფილი კონკურენცია; მაღალი უკუგება; სტაბილური ფასები.

წყალმომარაგების ძირითად დარგობრივ კრიტერიუმად შეგვიძლია განვიხი­ლოთ: ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხი; ამოწურვადი ბუნებრივი რესურსები; მეცნიერებატევადი, ცოდნატევადი, ინოვაციურ- მაღალტექ­ნოლოგიური წარმოება.

წყალმომარაგების დარგის ეკონომიკური ხასიათის კრიტერიუმები არის: შრომის დანაწილება; კვალიფიციური ადამიანისეული კაპიტალი; სინერგიის მაღალი ხარისხი; ინფრასტრუქტურული პროექტების ინტენსიური დანერგვა და რეალიზაცია.

მშენებლობის ძირითადი დარგობრივი კრიტერიუმი არის: ბუნებრივ რესურსებსა და ნედლეულზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხი; მეცნიერებატევადი, ცოდნა­ტევადი, ინოვაციურ-მაღალტექნოლოგიური ხასიათის აქტიურობა.

მშენებლობის დარგის ეკონომიკური კრიტერიუმები არის: მაღალკვალიფიციური ადამიანისეული კაპიტალი; მსოფლიო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სპეციალიზაცია; მზარდი უკუგება; დინამიკური არასრულყოფილი კონკურენცია; სინერგიის მაღალი და მზარდი ხასიათის ხარისხი.

აღნიშნული პრობლემის ინდუქციური მეთოდით შესწავლის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალური ეკონომიკის ზოგადი კრიტერიუმი არის მწარმოებლურობა.

ეკონომიკის რეალურ სექტორში გაერთიანებული არის მწარმოებლური ბუნებისა და ფუნქციის მქონე ეკონომიკის დარგები და იქმნება მზარდი ხასიათის დამატებული ღირებულება. 

რეალური ეკონომიკის განვითარების ძირითადი ეტაპები

რეალური ეკონომიკის განვითარების კანონზომიერებებს მისი ბუნებიდან და არსიდან გამომდინარე განსაზღვრავს მრავალი ფაქტორი. ეკონომიკურ მეცნიერებაში დადგენილ ფაქტორთაგან ძირითადი გახლავთ ადამიანისეული კაპიტალი. მისი ფორმირების პროცესში განმსაზღვრელ ფუნქციას ასრულებს უწყვეტი ხასიათის სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება, ინკლუზიური ეკონომიკურ-პოლიტიკური ინსტიტუტები.

წარმოებისთვის საჭირო ძირითადი რესურსების, კერძოდ, ადამიანისეული რესურსების, ბუნებრივი რესურსების, წარმოებული რესურსების, ფინანსური რესურსების გაანალიზების შედეგად ცხადი ხდება, რომ უმთავრესი არის ადამიანისეული კაპიტალი. მხოლოდ ადამიანისეული კაპიტალი, კერძოდ კი ცოდნის კაპიტალი იწვევს მზარდი ხასიათის უკუგებას.

ბუნებრივი რესურსები და აღნიშნული ფაქტორები თუ ჯაჭვურ კავშირურთიერთობებში მოქმედებენ, განაპირობებენ მზარდი და დინამიკური ხასიათის ეკონომიკურ ზრდას. აღსანიშნავი არის რესურსების შეზღუდულობის კანონი, რაც განაპირობებს ოპტიმალური ეკონომიკის აუცილებლობას.

შედარებითი ანალიზის მეთოდით საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა რეალური ეკონომიკის განვითარების ტრენდული მახასიათებლები, როგორებიც არის ციკლურობა, ტექნოლოგიურ-ინოვაციური ხასიათის ჩავარდნები, განვითარების აღმავალი და დაღმავალი ფაზები და ძნელად პროგნოზირებადი ბაზარი.

კვლევის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალური ეკონომიკის განვითარებაზე ძირითადად განმსაზღვრელ გავლენას ახდენს ენდოგენური ხასიათის ფაქტორები და შედარებით სუსტ გავლენას ახდენს ეგზოგენური ხასიათის ფაქტორები.

რეალური ეკონომიკის განვითარებაში ძირითად როლს ასრულებს ადამიანისეული კაპიტალი. აღნიშნული მოსაზრების ნათელი მაგალითი არის უილიამ ლის მიერ შექმნილი გამოგონება „წინდის დაზგა“ – საქსოვი მანქანა, რომელმაც  საფუძველი ჩაუყარა ტექსტილის წარმოების მექანიზაციას. უილიამ ლის საქსოვი მანქანის გამოგონების შედეგად ინოვაციური ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო საფეიქრო მრეწველობის მექანიზაცია იყო და ფაბრიკა-ქარხნების განვითარება გახლდათ [აჯემოღლუ, რობინსონი, 2012, გვ. 281].

XV–XVI საუკუნეებში ინგლისში უილიამ ლიმ საფუძველი ჩაუყარა საფეიქრო მრეწველობის მექანიზაციას. ევოლუციური განვითარების შედეგად შეიქმნა ინკლუზიური პოლიტიკური ინსტიტუტები. აღნიშნულმა ინსტიტუტებმა ხელი შეუწყო გამოგონებების, ინოვაციების ეკონომიკურ პროცესებში ჩართვას, რისი შედეგიც  გახლდათ 1688 წლის ინგლისის სამრეწველო რევოლუცია. ინკლუზიური ეკონომიკური ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების უწყვეტმა პროცესმა და ევოლუციურმა განვითარებამ კაცობრიობა დღეის მდგომარეობით შეიყვანა მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციის ფაზაში.

ევოლუციური განვითარების შედეგად თანამედროვე საზოგადოების განვითარებული ნაწილი იმყოფება პოსტინდუსტრიულ ფაზაში, სადაც ძირითად კაპიტალს წარმოადგენს ადამიანისეული კაპიტალი და ინკლუზიური ინსტიტუტები.

პოსტინდუსტრიულ ფაზაში საზოგადოების ეკონომიკურმა საქმიანობამ გადაინაცვლა ელექტრონულ-ვირტუალურ სფეროში, რისი გამოვლინებაც არის ციფრული ეკონომიკა, ელექტრონული ეკონომიკა, საინფორმაციო ეკონომიკა, ინოვაციური ეკონომიკა.

ციფრულ ეკონომიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ადამიანისეული კაპიტალი, კერძოდ კი – ცოდნის კაპიტალი. რესურსების შეზღუდულობის უნივერ­სალური ხასიათის კანონი აქაც მუშაობს. რეალურად საქმე გვაქვს არაწრფივი განვითარების მოდელთან. აღნიშნული მოსაზრების არგუმენტად შეგვიძლია წარმოგიდგინოთ ტექნიკურ-ეკონომიკური პარადიგმები XX საუკუნის 70-იანი წლებიდან 1998 წლამდე.

  • პირველი პერიოდი (1770–1840 წწ.) შეესაბამება ადრეულ მექანი­ზაციას;
  • მეორე პერიოდში (1830–1990 წწ.)  ვითარდება ორთქლის ტურბინები და რკი­ნიგზა;
  • მესამე პერიოდში (1880–1940 წწ.) დომინანტურ როლს ასრულებს ელექტროობა და მძიმე ინდუსტრია;
  • მეოთხე პერიოდში (1930–1990 წწ.) ვითარდება მასობრივი წარმოება (ე.წ.  ფორდიზმი);
  • მეხუთე პერიოდში (1990 წლებიდან დღემდე) ვითარდება ინფორმაცია და კომუნიკაცია.

შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენებით ტექნიკურ-ეკონომიკური პარადიგმების შესწავლამ ისტორიულ კონტექსტში შესაძლებლობა მოგვცა შემოგთავაზოთ შემდეგი დასკვნები:

ტექნიკურ-ეკონომიკური პარადიგმები მოიცავს განვითარების ხუთ პერიოდს. ტექნიკურ-ეკონომიკური პარადიგმის ძირითადი ფაქტორი არის ადამიანისეული კაპიტალი და ინკლუზიური ხასიათის ეკონომიკურ-პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც ეფუძნებიან ეკონომიკის ევოლუციურ განვითარებას. აღნიშნულ კონტექსტში დომინანტური მნიშვნელობის გახლავთ ენდოგენური ხასიათის ფაქტორები.

რეალური ეკონომიკის ეფექტიან მუშაობაზე, მისი ზრდის პერსპექტივებსა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სახელმწიფოთა ეროვნული ეკონომიკის სტაბილურობა. რეალური ეკონომიკის ეფექტიანი მუშაობა ლოგიკურად განაპირობებს ღირებულების შექმნის გლობალურ ჯაჭვებში ჩართვას [Мау, Улюкаев, 2014, сс. 4-24]. აღნიშნულ კონტექსტში მნიშვნელოვანი არის განვიხილოთ ტრანსაქციური ხარჯები. რაც უფრო ნაკლებია მისი დონე, მით უფრო მიმზიდველია ქვეყანა ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის. ტრანსაქციური ხარჯების დონე რომ დაბალი იყოს, ქვეყანა ჩართული უნდა იყოს დამატებული ღირებულების შექმნის გლობალურ ჯაჭვში, რასაც ძირითადად განსაზღვრავს ეკონომიკის რეალური სექტორი [Онищенко, 2015, сс. 9-10].

კაცობრიობა იმყოფება განვითარების პოსტინდუსტრიულ ფაზაში, სადაც გონება არის მთავარი საწარმოო ძალა. შესაბამისად ცოდნის ეკონომიკაში იქმნება მზარდი და მაღალლიკვიდური დამატებული ღირებულება. აღნიშნულ კონტექსტში შეიძლება ითქვას, რომ რეალისტური გახლავთ  ვერნადსკის მოსაზრება – კაცობრიობა სულ მალე გადავა ნოოსფერულ განზომილებაში [Яцюк, 2015, с. 4].

პოსტინდუსტრიული კომპანიები აღიჭურვება ნანოტექნოლოგიებით, მძლავრი ალგორითმული პროგრამით უზრუნველმყოფი რობოტებით, ციფრული ტექნოლო­გიებით. აღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა გააიაფოს წარმოებული პროდუქცია  და ამავდროულად გამოიწვიოს დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება. 

დასკვნა

რეალური ეკონომიკის ზოგადი კრიტერიუმი არის მწარმოებლურობა. ეკონომიკის რეალურ სექტორში გაერთიანებული არის მწარმოებლური ბუნებისა და ფუნქციის მქონე ეკონომიკის დარგები და იქმნება მზარდი ხასიათის დამატებული ღირებულება.

რეალური ეკონომიკის განვითარების კანონზომიერებებს ძირითადად განსაზღვრავს ადამიანისეული კაპიტალი, კერძოდ კი – ცოდნის კაპიტალი.

თანამედროვე კომპანიები აღიჭურვება მაღალი ტექნოლოგიებით, რაც დროთა განმავლობაში გამოიწვევს წარმოებულ პროდუქციაზე ფასების კლებას და ამავდროულად დასაქმებულთა რაოდენობის მკვეთრ შემცირებას.   

გამოყენებული ლიტერატურა

  1. აჯემოღლუ დ., რობინსონი ჯ., 2018. რატომ ვერ აღწევენ წარმატებას სახელმწიფოები. თბილისი, „ბაჩო ახალაიას სამხედრო-პოლიტიკური სკოლა“, 696 გვ.
  2. EUROSTAT, 2008. Statistical Classification of Economic Activities in the European Community. NACE REV. 2. Luxembourg, European Communities, 369 p.
  3. UN, 2008. International Standard Industrial Classification of All Economic Activities. Statistical Papers, Series M, No. 4/Rev.4. New York, United Nations, 306 p.
  4. Мау В., Улюкаев А., 2014. Глобальный кризис и тенденции экономического развития. Вопросы Экономики, № 11, сс. 47-61.
  5. Онищенко В. Ф., 2015. Реалии и возможности экономической стабилизации и развития Украины.Экономика Украины, № 7, сс. 4-18.
  6. Яцюк А. В., 2015. Гражданское обшество и формирование новой парадигиы социально-экономического развития в условиях глобализации. Экономика Украины, № 12. сс. 4-9.